ევროკავშირი ქაღალდის ვეფხვია

The Wall Street Journal

“ბრიუსელში სპეციალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მოსთხოვეს, საფრანგეთის შუამავლობით აღებული ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც რუსილი ჯარის გაყვანას ითვალისწინებს საწყის პოზიციებზე დაბრუნებით. თუ ის ამას არ შეასრულებს, მათ გააფრთხილეს რუსეთი, რომ… კვლავ შეიკრიბებიან. ეს იყო და ეს.

თითქმის სამი კვირააა, რაც მედვედევმა ხელი მოაწერა შეთანხმებას და ხუთი დღეა, რაც მოსკოვი გაემიჯნა მთელ დანარჩენ მსოფლიოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებით. და მაინც, ჯერ კიდევ ევროპელ ლიდერებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ, რომ გადახარშონ კავკასიაში განვითარებული მოვლენები.

ევროპელმა ლიდერებმა ერთი კონკრეტული ”მუქარა” გააჟღერეს. მათ თქვეს, რომ ახალ ეკონომიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვთან მოლაპარაკებებს გაყინავენ, თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. მაგრამ ამას არავითარი აზრი არ აქვს. ევროპელებს თვეები დასჭირდათ იმისათვის, რომ ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ ამ პრობლემაზე საუბრის დასაწყებად და თვით საქართველოში შეჭრის შემდეგაც, ევროპის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათმა ქვეყნებმა ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმე ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.

არც მოსკოვი დასჯილა მკაცრად. სამიტის შემდეგ კონფერენციის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის სრულიად მოსალოდნელი და ცხადი კითხვა დაუსვეს: ევროკავშირი ”ქაღალდის ვეფხვია”? (paper tiger – ეს ჩინური გამონათქამია, რაც ნიშნავს მუქარას, რომელსაც რეალურად არავითარ საფრთხეს არ შეიცავს). სარკოზი აშკარად გაბრაზდა და უპასუხა, რომ ”ძალის დემონსტრირება, სიტყვიერი აგრესია, სადამსჯელო სანქციები… არავის წაადგება.” მას არ უთქვამს, რომ ბრიუსელის ბოლოდროინდელი უსარგებლო თავის ქნევა და წუწუნი ვინმეს თუ წაადგება საქართველოში.

სარკოზი ასევე ხაზს უსვამდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მისმა შუამავლობამ ნაყოფი გამოიღო. სინამდვილეში კი რუსეთმა შეთანხმების ბუნდოვანი ენა კარგად გამოიყენა, რითაც ახლა საქართველოში კონფლიქტის ზონიდან მოშორებით თავის არსებობას ამართლებს. ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ ვერ შეძლო მედვედევის შეჩერება – არ ეღიარებინა სეპარატისტული რეგიონები. ევროპის გუშინდელი მოწოდება, რომ ამაზე საუბარი აქტიურად დაიწყოს, ტყუილია, ცხენი თავლაში უკან დაბრუნებას აღარ აპირებს.

დღის ყველაზე ცინიკური მომენტი სარკოზის მცდელობა იყო კავკასიაში არსებული კონფლიქტი ირლანდიელებზე მუქარისთვის გამოეყენებინა, რომლებიც ლისაბონის შეთანხმებას შეეწინააღმდეგნენ ივნისში. ”ეს კრიზისი აჩვენებს, რომ ევროპას ძლიერი და სტაბილური ინსტიტუტები სჭირდება”, ისეთივე, როგორიც ლისაბონის ხელშეკრულება იყო,”- განაცხადა სარკოზიმ.

არა, ევროპას რაც სჭირდება, ეს პოლიტიკური ნებაა – ახალი შეთანხმება ამას ვერ გადაწყვეტს. ნაცვლად ირლანდიელი ამომრჩევლების დადანაშაულებისა, რომლებმაც თავიანთი დემოკრატიული უფლებების დემონსტრირება მოახდინეს, კარგი იქნებოდა, სარკოზის ის წევრი სახელმწიფოები დაესახელებინა და შეერცხვინა, რომლებიც მოსკოვის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ და ამით ევროკავშირს ხელი შეუშალეს მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბებაში.

ახლა, ბებერი კონტინენტი მზადაა საკითხი მოსკოვთან ერთად განიხილოს. მაგრამ როდის მიხვდებიან, რომ მოსკოვი მათ არ უსმენს?”

~ ავტორი lazica17 on სექტემბერი 2, 2008.

დატოვეთ გამოხმაურება